April 2, 2010

ედვარდ ჰოფერი

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მხატვარი. პირველ რიგში, რაც მის ნახატებში მომწონს შუქ-ჩრდილია, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს განწყობის შექმნაში. მეორე რაც ასე ვთქვათ ჰოფერისეულია და პრინციპში შეიძლება მის კოზირადაც ჩაითვალოს, ეს ხატვის განსაკუთრებული სტილია. არჩეული აქვს ყოველთვის ხედვის საინტერესო წერტილი, ეს წერტილი შეიძლება ძალიან მაღლა, ან პირიქით-ძალიან დაბლა იყოს. ჰოფერი ხატავს იმას რაც ხდება შიგნით, ინტერიერში და ასევე იმას რაც ხდება გარეთ. თავადაც ამბობდა რომ ძალიან რთულია, ერთდროულად დახატო შიგნითაც და გარეთაც.
მომწონს ასევე მისი შექმნილი სამყარო, მშვიდი, წყნარი, მყუდრო და მზიანი.





მიუხედავად იმისა, რომ მისი ნახატები რეალისტურია, ამავდროულად მეჩვენება რომ აბსტრაქტიულიცაა, არა გამომსხველობითი თვალსაზრისით, უბრალოდ თვითონ იდეაა აბსტრაქტული. ერთხელ ლოიდ გუდრიხს, ჰოფერის ერთ-ერთი ნახატი "განთიადი", მონდრიანის ნახატისთვის შეუდარებია, როდესაც ეს ჰოფერმა შეიტყო უთქვამს "შენ მე მომკალი"-ო. თვითონ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმ აზრს, რომ მისი ნახატები აბსტრაქტული იყო.
საუბარი აი ამ ნამუშევარზეა

ჰოფერის ნახატებში მთავარია გარემო და ადამიანი თითქოს დანამატია, ორგანულად ერწყმის ინტერიერსა თუ ექსტერიერს, არ გეზედმეტება, მაგრამ აშკარად მეორეხარისხოვანია. განწყობას გიქმნის სწორედ გარემო, რომელსაც ჩემი აზრით ჰოფერი მომაჯადოვებლად გადმოსცემს, ადამიანების სახეებიც ხშირად ბუნდოვანია ხოლმე და პრინციპში არც აქვს მნიშვნელობა როგორი გამომეტყველება ექნება კონკრეტულ პერსონაჟს, რადგან განწყობა უკვე შექმნილია.







ჰოფერის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი გახლავთ "მზე ცარიელ ოთახში", როგორც ცნობილია მას დაგეგმილი ჰქონდა ინტერიერში ფიგურის დახატვა, თუმცა ხატვის პროცესში გადაიფიქრა და ჩემი აზრით სწორადაც მოიქცა, რადგან ფიგურა ამ მყუდროებას ნამდვილად დაარღვევდა.
სიცარიელე,თითქოს დასასრულია და მაინც მზე!
მიყვარს ეს კაცი.

2 comments: