November 24, 2010

ინტერნეტ შოპინგი

ინტერნეტ შოპინგი - ანუ როგორ ვიყიდოთ ინტერნეტით სასურველი ნივთი

ეს არის ყველაზე მარტივი, უმტკივნეული,სწრაფი და ჭკვიანური შოპინგის გზა ☻ რომელსაც ჩვენი წინაპრები აქტიურად მიჰყვებოდნენ.
გსურს შეიძინო ინტერნეტით სასურველი ნივთი? დღეში 50-ჯერ ათვალიერებ საყავრელ ინტერნეტ მაღაზიას და წარმოდგენა არ გაქვს როგორ იყიდო "ის" კაბა? (ეს სუპერქანჩის რეკლამასავით გამომივიდა ☻) ნუ აუცილებელი არ არის ასე იყოს, მაგრამ მაინც...
ინტერნეტ შოპინგს ძალიან ბევრი + აქვს. პირველი ის რომ არის უ ზ ა რ მ ა ზ ა რ ი არჩევანი, ფასი არის ხარისხის შესაბამისი, ძალიან ხშირად არის ხოლმე დიდი ფასდაკლებები და პირადად მე უამრავჯერ გავუბედნიერებივარ მსგავს ფასდაკლებებს. არ არსებობს ისეთი რამე, რასაც ვერ იპოვნი ინტერნეტ მაღაზიაში.
თუ გსმენიათ მითები იმის შესახებ, როგორ არ ჩამოუვიდა ვიღაცას რაღაც, რომელიღაც საიტიდან, არ დაიჯეროთ! ჩემი 2 წლიანი ინტერნეტ შოპინგის განმავლობაში ასეთი შემთხვევა არასდროს არ ყოფილა. უბრალოდ აუცილებელია რომ სასურველი ნივთი სანდო საიტიდან შევიძინოთ და არა www.askladaska.com-ზე. ასეთი მაღაზიების ლინკებს კიდევ ქვემოთ დავდებ (ნუ რაც გამახსენდება იმეებს მაინც)
გადავიდეთ საქმეზე ☻ პირველი რაც გვჭირდება, ესაა ბარათი, რომლის საშუალებითაც ვყიდულობთ ყველაფერს. ანუ, მივდივართ ბანკში (მე გირჩევდით სტანდარტ ბანკს, ან სახალხო ბანკს, იმიტომ რომ თითქმის ყველა ინტერნეტ მაღაზიაში უპრობლემოდ გამოიყენებთ, სადაც დაშვებულია საერთაშორისო ბარათები რა თქმა უნდა) უნდა დაამზადებინოთ ვიზა კლასიკი, სასურველია ინტერნეტ ბანკინგიც ჩართოთ, რომ ფულის გაკონტროლება მარტივად შეძლოთ. მას შემდეგ რაც თქვენი ბარათი დამზადდება და საბარათე ანგარიშზე ფულს შეიტანთ, მოვდივართ სახლში ვსხდებით კომფორტულად კომპიუტერთან და ვიწყებთ ყველაზე სასიამოვნო ნაწილს, ანუ შოპინგს!
ვირჩევთ მაღაზიას, მე ამ შემთხვევაში ავირჩიე ამაზონი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზია, რომელშიც იყიდება აბსოლუტურად ყველაფერი!




ბრაუზერში ვწერთ მაღაზიის ინტერნეტ მისამართს და მსწრაფლ აღმოვჩნდებით სასურველ ინტერნეტ მაღაზიაში, იმის მიხედვით, თუ რისი შეძენა გნებავთ, ვირჩეთ სასურველ კატეგორიას, რაც უფრო მეტ საძიებო კატეგორიას მოვნიშნავთ მით უფრო გაგვიმარტივდება არჩევა. ნუ ამ შემთხვევაში მე ვეძებ ვთქვათ ფეხსაცმელს.



როგორც ხედავთ, ავირჩიე კატეგორია რომელიც მე მჭირდებოდა და შემდეგ გადავდივარ მომდევნო ეტაპზე.

აქ უკვე ვირჩევ იმას თუ ვისთვის მინდა ფეხსაცმელი, ქალისთვის, მამაკაცისთვის თუ ბავშვისთვის. ამაზონი გვათავაზობს ძიების 2 ტიპს. იმ ფეხსაცმლების რომელებიც არის 30% ფასდაკლებული და მეორე უბრალოდ განყოფილების მიხედვით, ცისფერი ისარი 30% ფასდაკლებაზე მიგვანიშნებს, მწვანე კი უბრალოდ განყოფილებაზე. მე რა თქმა უნდა ფასდაკლებიანი კატეგორია ვამჯობინე ანუ Black Friday Deals Save 30% დან ავირჩიე women (ყოველთვის არ არის ფასდაკლება რა თქმა უნდა)

აქ უკვე იმას ვირჩევ თუ რა ფეხსაცმელი მინდა, მე ავირჩიე boots ანუ ჩექმა

ალბათ შეამჩნევთ რომ ფეხსაცმლების განუზომელი რაოდენობა გამოჩნდება, აქედან ამორჩევა კი საკმაოდ რთულია, ამიტომ კიდევ ვფილტრავთ, ვირჩევთ როგორი სტილის გვინდა, მე ავირჩიე Lace-up ანუ თასმებიანი და ზომა მივუთითე 8 ანუ 38, შესაბამისად იქნება 7 - 37 და ა.შ თუმცა გუგლში კონკრეტული ბრენდის ფეხსაცმლის ზომების თუ გადაამოწმებთ უკეთესი იქნება.
შემდეგ მაინც ბევრი ვარიანტია და უფრო ვკონკრეტდები, ვირჩევ ჩექმის ყელის სიგრძეს
ჩემ შემთხვევაში ეს არის კოჭებამდე. ყველაფერი დაკონკრეტებულია და ახლა ვიწყებს სასურველი მოდელის ძებნას!

შეარჩიეთ რამდენიმე ვარიანტი, გაეცანით პროდუქტის დეტალებს, რისგანაა დამზადებული, ან როგორი შეფასებები აქვს (შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს) და შესაბამისად გააკეთეთ არჩევანი.

როგორც ხედავთ საჭირო ადგილები მონიშნულია, ავირჩიე ზომა:8; ავირჩიე ფერი: ყავისფერი; პროდუქტის დეტალებში წერია რომ ტყავია, რაც ძალიან კარგია, ხელოვნური მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელი არც ისე სასრგებლოა თქვენი ფეხისათვის, ძირი აქვს ხელოვნური მასალისგან დამზადებული, ეს არაუშავს, ზამთრისთვის მგონი უკეთესია. შეფასება აქვს იდეალური 5 ვარსკვლავი. მარჯვენა მხარეს ვირჩევ რაოდენობას, როგორც წესი თავისით 1 ზე დგას ხოლმე ნიშნული, თუმცა სურვილისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ და ვაჭერ Add to cart ( კალატაში დამატება), ამის შემდეგ შეგიძლიათ კიდევ სასურველი ნივთები მოძებნოთ და იმავე პრინციპით ისიც თქვენს კალათაში ჩააგდოთ.
ამ ყველაფრის შემდეგ გადავდივართ პროდუქტის შეძენაზე!


მარჯვენა ზედა კუთხეში ხატია კალათა, წითლად მაქვს სურათზე მონიშნული და სწორედ ამ კალათას უნდა დავაჭიროთ (ფოტოზე უკვე დაჭერილია,ანუ ჩემს კალათაში ვარ, ასე ვთქვათ ☻ ) ამის შემდეგ ვხედავთ რა ნივთებია ჩვენს კალათაში, ჩემთან მხოლოდ ერთი ფეხსაცმელია როგორც ხედავთ. შემდეგი ნაბიჯია, მარჯვენა მხარეს Proceed to Checkout-ზე დაჭერა.


შემდეგ შეგვყავს ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და პასვორდი (რომელიც სატზე რეგისტრაციისას მიუთითეთ) თუ არ დარეგისტირებულხართ ირჩევთ ცისფერი ისრით მინიშნებულ კატეგორიას. შემდეგ sign in რა თქმა უნდა!
ახლა ალბათ ყველაზე რთული ნაწილი იწყება ☻ billing address- ში შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი საქართველოს საცხოვრებელი სახლის მისამართი, ხოლო Shipping address- ში ვწერთ გადამზიდის მისამართს. გადამზიდი კომპანია ეს არის შუამავალი,რომელსაც ამერიკიდან ჩამოაქვს თქვენი ამანათი. ანუ ამანათი მიდის კომპანიის ამერიკულს ოფისში, სადაც იწონება და შემდეგ იგზავნება საქართველოში, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ამანათი მოაქვს თქვენს სახლში კურიერს, ან თავად წამოიღებთ ოფისიდან. მე გირჩევთ ასეთ 2 გადამზიდს, ორივეთი მისარგებლია და ძალიან კმაყოფილი ვარ, გადაავლეთ თვალი ტარიფებს და მომსახურების პირობებს, შესაბამისად გააკეთეთ არჩევანი.
http://www.mimino.us/
http://www.logix.ge/

ორივე საიტზე საჭიროა რეგისტრაცია, ანუ კომპანიას უნდა ჰქონდეს თქვენს შესახებ მონაცემები რათა დაგეკონტაქტონ. სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფსტა და ა.შ
რატომაა გადამზიდი საჭირო? მოგეხსენებათ მაღაზიების უმრავლესობა საქართველოში პირდაპირ არ აგზავნის ამანათს, ან აგზავნის და შეიძლება გზავნა საკმაოდ ძვირი ჯდებოდეს. ამიტომ ესაა ძალიან მარტივი გამოსავალი. მოკლედ ვავსებ შიფინგის გრაფას:

პირველ ხაზში უნდა ჩაწეროთ თქვენი სახელი და გვარი, ანუ მიმღების. შემდეგ ვწერთ გადამზიდის მისამართს, რომელიც ყოველთვის გადამზიდის ვებ-გვერდზეა ხოლმე მითითებული. შეგიძლიათ მეორე ხაზზეც გადაანაწილოთ, თუ პირველზე არ დაეტევა, მესამე გრაფაში ვწერთ იმ ქალაქის სახელს სადაც არის გადამზიდი ჩემს შემტხვევაში წერია ბრუკლინი, შემდეგ ვწერთ შტატს, საფოსტო კოდს, რომელიც ასევე წერია ყველა გადამზიდის საიტზე, ვირჩევთ ქვეყანას და ბოლოს ვუთითებ გადამზიდის ტელეფონის ნომერს, რომელსაც ასევე ნახავთ გადამზიდის საიტზე. მონაცემები შეყვანილია, ალილუია! ახლა ვაჭერთ ყვითელ ღილაკს Ship to this address.

აქ უნდა ავირჩოთ ჩვენი ამანათის მიტანის მეთოდი, როგორც ხედავთ დღეებია მითითებული,ანუ სავარაუდოდ გადამზიდამდე რამდენ დღეში მივა ამანათი, ამ ფეხსაცმელს აქვს უფასო მიტანის საშუალებაც (წითლადაა შემოხაზული). FREE Super Saver Shipping (5-8 business days) ამ მეთოდის არჩევისას სავარაუდოდ 5-8 სამუშაო დღეში მივა დანიშნულების ადგილამდე, მეორე- Standard Shipping (3-5 business days)ამ შემტხვევაში 3 დან 5 სამუშაო დღემდე დაჭირდება ამერიკის ოფისამდე მისასვლელად, მაგრამ დამატებით მომიწევს ამ მიტანის თანხის გადახდა (მაღაზიების უმეტესობა მიტანაში ფულს ითხოვს), ვტოვებ ფასიან ვარიანტს.
და ვაჭერ ცისფრად მონიშნულ ღილაკს, ანუ გაგრძელებას.

ვაჭერ ბარათის დამატებას.

ახლა ბარათის მონაცემების შეყვანის დროა. თქვენს ბარათზე წინა მხარეს წერია 16 ნიშნა რიცხვი, რომელიც ზუსტად უნდა ჩავწეროთ მწვანედ მონიშნულ უჯრაში, მეორე უჯრაში(წითელი ისრითაა მინიშნებული) ვწერთ სახელს და გვარს, ან გვარს და სახელს (ბარათს როგორც აწერია) რომელიც თქვენს ბარათს აწერია. მესამე უჯრაში უნდა მივუნიშნოთ თუ როდის გასდის ჩვენს ბარათს ვადა, 16ნიშნა რიცხვების ქვემოთ წერია ხოლმე მაგალიტად 08/2020 და ა.შ; შესაბამისად მოვნიშნავთ თარიღს, რომელიც ბარათს აწერია და ვაჭერ add your card


ეს ღილაკი მარჯვენა მხარესაა და იმედი მაქვს თავადაც ხვდებით რომ სწორედ ამ ღილაკს უნდა დააჭიროთ ☻


აქ უკვე უნდა ავირჩიოთ მისამართი, რომელზეც ვართ რეგისტრირებული, ანუ ის მისამართი, რომელიც მიუთითეთ ბანკში ბარათის აღებისას. როგორც ხედავთ რამდენიმე მისამართი მქონდა ამაზონზე შეყვანილი და დამახსოვრებული, შემიძლია ამ 4-დან ავირჩიო ჩემი მისამართი, ან თავიდან შევიყვანო, თავიდან შეყვანისათვის ქვემოთა უჯრებს ვავსებთ, სახელი და გვარი, საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონის ნომერი და ა.შ
shipping address ეს არის მისამართი, სადაც ამანათი უნდა მივიდეს, billing კი ასე ვთქვათ უბრალოდ ფორმალობაა. შიფინგ ედრესში ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ გადამზიდის მისამართს ვწერთ!
ვირჩევთ ან თავიდან შეგვყავს მისამართი და ვაჭერ use this address.


ესაა ბოლო ნაბიჯი, გადაავლეთ თვალი თქვენს შეკვეთას.
მონიშნული მაქვს შიფინგს სტანდარტული მეთოდი (თუ გაქვთ შესაძლებლობა, შეგიძლიათ უფასო მონიშნოთ) არ მონიშნოთ ლურჯი ისრით მითითებული კატეგორია! რაღაც პერიოდი გექნებათ სულ უფასო შიფინგი და შემდეგ მთლიანად ჩამოგაჭრით მგონი 65$-ს.
მარჯვენა მხარეს წერია დეტალები, რა ღირდა ჩემი ნივთი; რა მიჯდება მიტანა ანუ shipping & handling total; შემდეგ ემატება ტაქსი ანუ რაღაც ბეგარასავითაა (მგონი 100$-ის ზემოთაა) და ეს ბეგარა არის ამ შემთხვევაში 17.08$ და ბოლოს წერია ჯამში რამდენი მაქვს გადასახდელი.
ზოგიერთი შტატი, მაგალითად new jersey არის tax free, new york კი-არა. ამიტომ გადამზიდის არჩევისას ესეც გაითვალისწინეთ, ანუ რომელ შტატშია გადამზიდი. თუ პრობლემას არ გიქმნით ტაქსის გადახდა თავისუფლად შეგითლიათ დააჭიროთ შავად მონიშნულ ღილაკს Place your order. თუ არ გაწყობთ ამდენი ტაქსის გადახდა, შეგიძლიათ უკან დაბრუნდეთ, ან უბრალოდ დახუროთ ფანჯარა, ახალი გახსნათ და თავიდან გაიაროთ იგივე ნაბიჯები (იმედი მაქვს უფრო სწრაფად) და ახალი მისამართი შეიყვანოთ შიფინგ ედრესის გრაფაში.
მას შემდეგ რაც გააკეთებთ შეკვეთას, მიიღებთ მეილს თქვენი შეკვეთის ინფორმაციით. რამდენიმე დღეში კი მეილს იმის შესახებ რომ თქვენი შეკვეთა გამზადებულია გასაგზავნად, ანუ რამდენიმე დღეში მივა გადამზიდამდე. როდესაც მივა გადამზიდის ამერიკულ მისამართზე, საქართველოში გამოგზავნის წინა დღეს მიიღებთ შეტყობინებას ( იმის მიხედვით თქვენს გადამზიდს როგორი პირობები აქვს, შეიძლება იყოს წერილი, მოკლე ტექსტური შეტყობინება ან რაიმე სხვა მეთოდი) შეტყობინებაში არის ინფორმაცია იმაზე თუ რა წონისაა თქვენი ამანათი და რამდენი გაქვთ გადასახდელი და როდის შეძლებთ თქვენი ამანათი მიღებას. დამატებითი ინფორმაციისათვის კი უბრალოდ შეგიძლიათ გადამზიდის მიერ ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკოთ :)
ეს კიდევ რამდენიმე მაღაზიის მისამართი, ზოგიერთი შეგიძლიათ თავადაც იცოდეთ, პრინციპი ყველგან ერთნაირია!!
გაითვალისწინეთ რომ ერთი მაღაზიიდან გამოწერილი ამანათი ღირებულება, არ უნდა ღემატებოდეს 300 ლარს, თუ აღემატება მოგიწევთ განბაჟება. ფასში არ იგულისხმება შიფინგის ღირებულება და ტაქსი, უშალოდ ნივთი არ უნდა ღირდეს 300 ლარზე მეტი. თუმცა განბაჟებაც უკვე აღარაა რთული.
www.amazon.com
www.shopbop.com
www.forever21.com
www.nordstrom.com
www.yoox.com
www.drugstore.com
www.asos.com
www.strawberrynet.com
www.gap.com
www.6pm.com
www.freepeople.com
და კიდევ უამრავი! შეგიძლიათ დაგუგლოთ და მოძებნოთ. გისრუვებთ წარმატებულ შოპინგს, თუ რამე კითხვა გაგიჩნდათ მომწერეთ ☻ თუმცა იმდენი ვწერე, რომ რა ვიცი...