"ჩემი მხატვრობა არ არის აბსტრაქტული,ის ცხოვრობს და სუნთქავს"
მარკ როტკო (1903-1970) მიეკუთვნება მხატვართა იმ რიცხვს, რომელთაც რევოლუცია მოახდინეს აბსტრაქტულ მხატვრობაში. თავად როტკო ამბობდა: "არაფერი უნდა იდგეს ჩემს ფერწერასა და მაყურებელს შორის", მისი ფერწერა სწორედ ამ სიტყვების დასტურია. აქ არ არის არანაირი საზღვარი, არანაირი მიჯნა, ყველანაირი ბარიერი მოხსნილია, როცა უყურებ როტკოს ნახატებს, რჩებით მხოლოდ შენ და მისი ფერწერა. მის ნამუშევრებში არაა რაღაც კონკრეტული იდეა, მხოლოდ ემოციები, შეგრძნებები... პრინციპში მისი მიზანიც სწორედ ეს იყო, რადგან ხშირად ამბობდა, რომ მისი მიზანი მხოლოდ ადამიანური ემოციების, ტკივილის, სიხარულისა თუ ტრაგედიის გადმოცემა იყო. როტკოს ნახატები აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს მიეკუთვნება, მხატვრობის ორივე მიმართულება ძალიან მიყვარს, შესაბამისად ვთვლი რომ მათი სინთეზი საოცარ სანახაობას ქმნის. როტკოს ნახატები პირველ რიგში ფერია, უხვი, ნათელი, კაშკაშა. ფერები, რომლებიც ანათებს და გაოცებს. გაოცებს იმიტომ რომ ტილოზე ფაქტიურად არაფერი ხატია, რამდენიმე ფერით შექმნილი კვადრატების გარდა. შემიძლია ძალიან დიდ ხანს ვუყურო, თითქოს ჰიპნოზს გიკეთებს. სიამოვნებით დავკიდები ჩემს სახლში. ალბათ ძალიან მაგარი იქნება ამ ყველაფრის ცოცხლად ნახვა, როდესაც ტილო რამდენიმე მეტრია, ასეთი უხვი ფერები და მათი ერთმანეთთან შეთანხმება და ეს ყველაფერი პირდაპირ გადმოდის შენზე, ალბათ ჩაიძირები ამ ნახატებში და სწორედ მაგ მომენტში, როტკოს ჩანაფიქრი, რომ ნახატსა და მაყურებელს შორის ყველანაირი ბარიერი მოხსნას სრულდება. როტკო იყო ინტელექტუალი, მოაზროვნე, განათლებული ადამიანი. უყვარდა მუსიკა და ლიტერატურა. გატაცებული იყო ფილოსოფიით, განსაკუტრებით ნიცშეს ნაშრომებით და ძველი ბერძნული ფილოსოფიითა და მითოლოგიით. სხვათაშორის მისი 1941-42 წლის ნამუშევრები სწორედ მითოლოგიური თემატიკაზეა. აბსტრაქტული ექსპრეიონიზმის მიმდევრებს, მხატვრობის აღქმა-შეფასება განსხვავებული აქვთ. ისინი სრულყოფილებას ექსპრესიას ამჯობინებენ, ცხადს-დამალულს,გარეგანს-შინაგანს. ანუ მათთვის მნიშვნელოვანი არ არის ვთქვათ ნახატის ვიზუალური სრულყოფილება,გარეგნული,ზედაპირული ეფექტი. მათთვის მთავარი ის ემოციაა რასაც კონკრეტულ ნამუშევარში ჩადებენ და არ აქვს მნიშვნელობა, ნახატი ვიზუალურად მიმზიდველი გამოვა თუ-არა. პირადად მე ნახატში ყოველთვის იდეა ან ემოცია მიზიდავს ხოლმე. რას მაგრძნობინებს კონკრეტული ნამუშევარი და მოახდენს თუ არა ჩემზე ეფექტს. ძალიან ბევრი ნამუშევარი მომწონს, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ამაზრზენი, საშინელი, მახინჯი და ა.შ ასე რომ მე ვეთანხმები როტკოს და მის მეგობრებს. თუმცა ეს სულ სხვა თემაა და იმედი მაქვს ამაზეც დავწერ. ოდესმე...